logo
ENG



პირველი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" მარშრუტი ბათუმსაც მოიცავს - Vestnik Kavkaza

22 აპრ 202318:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/22/zetzumgh1fllntk.jpeg

რუსული გამოცემა Vestnik Kavkaza-ს ცნობით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. გამოცემის ცნობით, გემი შავ ზღვაში ნოვოროსიისკის, სოჭის, ბათუმისა და სტამბულის პორტებში გაჩერდება.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტურისტული გემი "პეტრე დიდი" 2023 წლის ზაფხულიდან მიიღებს სტუმრებს და პირველ კრუიზზე აგვისტოში წავა.

მათი ცნობით, პირველი კრუიზი მდინარე ვოლგაზე იქნება ვოლგოგრადისა და ასტრახანის გავლით. მომავალში კი საერთაშორისო კრუიზებიც დაიგეგმება. მათ შორის ყველაზე ხანგრძლივ 20-დღიან მოგზაურობისას გემის სტუმრები ეწვევიან საქართველოს, თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს.

Vestnik Kavkaza წერს, რომ საერთაშორისო კრუიზზე გემი 3 ზღვაში იცურებს. შავ ზღვაში "პეტრე დიდი" ნოვოროსიისკში, სოჭში, ბათუმსა და სტამბულში გაჩერდება. აზოვის ზღვაში მოგზაურობისას ტაგანროგს ეწვევა. მდინარეზე კრუიზი რუსეთის ქალაქებს დაფარავს, ხოლო კასპიის ზღვაში კი მაჰაჩყალაში, ბაქოში, თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშსა და ყაზახეთის ქალაქ აკტაუში გაჩერდება.

„გემი "პეტრე დიდი" რუსეთში აშენდა, კომფორტის კუთხით ის შეესაბამება 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. გემს აქვს კაბინები, რესტორანი, საცურაო აუზი, თეატრი. ერთდროულად დაახლოებით 300 ადამიანს შეეძლება გემით კრუიზზე წასვლა“ - წერს გამოცემა.

Vestnik Kavkaza რუსეთის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიისა და მასმედიის ზედამხედველს (Roskomnadzor) დაქვემდებარებული რუსული გამოცემაა, სადაც რუსეთის გარდა კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს შესახებაც იდება სიახლეები. 

 

close დახურვა